вторник, 21 октября 2014 г.

იოგი

70-იანი წლების ბოლოდან ყოფილ სსრკში დაიწყეს იოგას (როგორც მაშინ უწოდებდნენ ამ პროცესს) პოპულარიზაცია. ცენტრალური ტელევიზია, რომელსაც მაშინ მოსკოვს უძახოდნენ, თითქმის ყველა დილას აჩვენებდა ამ ვარჯიშებს. ჩვენთან სოფელში ერთი ტრაქტორისტი იყო დათიკო. ტანი მართლაც იოგის ჰქონდა ისეთივე გამხდარი და მოქნილობაც არ აკლდა. 
ზაფხულის ერთ მშვენიერ დილას, როდესაც ქალი და ბავშვები გააგზავნა ჩაის საკრეფად, დათიკომ გადაწყვიტა იოგაში დაეწყო ვარჯიში. ეტყობა იფიქრა, რომ თუ სახლში წაივარჯიშებდა, შესაძლოა რაიმე გაეტეხა. ამიტომ ავიდა ნალიაზე და ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, კისერზე შემოიდო მარჯვენა ფეხი. პირველი წარმატებით გათამამებულმა ახლა მარცხენა ფეხიც შემოიდო და ...
ნაადრევი აღმოჩნდა ჩვენი იოგის სიხარული. ფეხები კისერთან ისე გადაეჭდო ერთმანეთს რომ ხელების დაუხმარებლად მათი გახსნა და ჩამოღება შეუძლებელი გახდა. დაიწყო დათიკომ (როგორრც გურიაში იტყვიან) ზეით-ქვეით უტრაკო ხაპივით გორვა, მარა ფეხები მაინც არ ეხსნება. ამდენ გორვაში გადმოვარდა ნალიიდან. საბედნიეროდ თივის ბერკეტზე დავარდა. როგორც შემდგომმა "გამოძიებამ" დაადგინა, სპეციალურად დაუდვია იმისთვის რომ თუ გადმოვარდებოდა აფერი არ ეტკინა. არც ამ ჩამოვარდნამ გაუხსნა დათიკოს ფეხები. სანამ ცოლ-შვილი დაბრუნდებოდა ჩაიდან მანამდე ჰქონდა კისერზე ფეხები შემოწყობილი.
ცოლი რომ დაბრუნდა, დათიკოს უკვე ლაპარაკის თავი არ ჰქონდა, მხოლოდ საცოდავად ამოიკნავლა ცოლის სახელი.
ნახევარსაათიანი ჯაჯგურის შემდეგ, როგორც იქნა ჩამოაღებინა ცოლმა დათიკოს ფეხები კისრიდან.
ორი კვირის განმავლობაში დათიკო სოფელში არავის დაუნახავს. არც მეზობლებს და არც ძმაკაცებს არ იკარებდა ახლოს, ეტყობა რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. ამ ამბის შემდეგ დათიკომ დაანება თავი ფიზიკურ "სრულყოფაზე" ფიქრს...

Комментариев нет:

Отправить комментарий