воскресенье, 7 декабря 2014 г.

ქართული სოფელი - ბრძოლა გადარჩენისათვის!

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქართული სოფელი იბრძვის გადარჩენისათვის! და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს იგი ამ ბრძოლას აგებს! აგებს არა მარტო იმიტომ, რომ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ყველა სახელმწიფოს სათავეში მოსულ ყველა პოლიტიკურ ძალას საკმაოდ მწყრალი შეხედულება ჰქონდა ქვეყნის სოფლის მეურნეობაზე, არამედ იმიტომაც, რომ კოლექტიური მეურნეობიდან ინდივიდუალურზე გადასვლა ფაქტიურად ისე მყისიერად მოხდა, რომ გლეხმა ალღო ვერ აუღო თავის ახლანდელ მდგომარეობას... შედეგად საქართველოში სოფლის მეურნეობა დეგრადაციის გზაზე დადგა! საყოველთაო ფერმერული მეურნეობის შექმნის იდეა იდეადვე დარჩა. თუ სადმე არის წარმატებული ფერმერული მეურნეობა ქვეყნის მასშტაბით რომ ავიღოთ, მათი წვლილი აგროსექტორის გაუმჯობესებაში მიზერულია. თანაც არ დაგვავიწყდეს ერთი რამ რომ თითოეული ამ ფერმერს, დამოკლეს მახვილივით, მინიმუმ ორიოდე ბანკის კრედიტი აწევს ტვირთად! 
გლეხი ფერმერად ვერ გადაიქცა!  
დღეს ქართველი გლეხის წინაშე რამდენიმე ამოცანა დგას: 1) შეინარჩუნოს ის მეურნეობა, თუნდაც მისი მცირედი ნაწილი, რაც მის საკუთრებაშია; 2) არჩინოს ოჯახი და ქალაქად გახიზნული შვილები, რომელთა დიდი ნაწილი უმუშევარია ან არაკვალიფიციურ, მცირეანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობს; 3)  საგაზაფხულო სამუშაოებისთვისაც ხომ მუნდა მომზადება? დღეს ყველა თანხმდება იმაზე, რომ სოფლად შიმშილი იშვიათად რომ ვინმეს ემუქრებოდეს, თუნდაც მწირი მენიუს შემთხვევაში! მაგრამ ყველა ზემოჩამოთვლილს ფული მაინც სჭირდება. გაიტანა გლეხმა თავისი მონაგარი ბაზარზე ტრანსპორტირებაში გადაიხადა ფული. გლეხს ბაზარზე იმდენი გააქვს, რამდენსაც თვითონ ზიდავს. ბაზარში კი გლეხს არ შეუძლია დახლისა და სასწორის დაქირავება, რადგანაც ისინი უკვე გაქირავებულია ქალაქში მაცხოვრებელზე, რომლებსაც ბაზარში ვაჭრობა პროფესიად უქცევიათ. ამიტომ იძულებულია გლეხი თავისი საქონელი ბითუმად მოვაჭრეებს ძალიან იაფად მიჰყიდოს. ასეტი მანიპულაციების შემდეგ რა რჩება გლეხს? ფაქტიურად არაფერი. მოსავლის მოწევაზე დახარჯული შრომა თუ აინაზღაურა ხომ კარგი... 
იმისთვის, რომ მომავალ წელს მეტნაკლებად მომზადებული შეხვდეს საგაზაფხულო სამუშაოებს, ჩვენი გლეხი იძულებულია მიმართოს ბანკს კრედიტისათვის და სხვა ქონების არარსებობის გამო სახლ-კარსა და მიწის ნაკვეთს დებს გირაოში! მოგეხსენებათ რომ საქართველო სარისკო მიწათმოქმედების ზონაშია. ეს კი იმას ნიშნავს რომ მოსავლის მოყვანა  კლიმატურ ფაქტორებზეცაა დამოკიდებული. ასეც რომ რომ არ იყოს, კრედიტის დაფარვის დაწყება სესხის აღებიდან ერთი თვის თავზე იწყება და დაგვიანების ყოველი დღისათვის ჯარიმაა გადასახდელი. საბოლოო ჯამში სწორედ რომ ჯარიმებით იმდენი ვალი უგროვდება გლეხს, რომ იგი ვეღარ იხდის კრედიტებს და კოტრდება... ბანკი კი ართმევს მიწასაც და სახლ-კარს. გლექხი კი ოჯახიანად ქართველ ლუპმენთა რიგებს ავსებს. ამის მერე ალბათ გასაკვირი არც უნდა იყოს ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების ფაქტი. ისინი ხომ ამაში საკმაოდ დიდ ფულს იხდიან!
დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა იაფი დაკრედიტების პროგრამა; ერთი შეხედვით ამან შეიძლება გლეხური მეურნებოა გამოიყვანოს დღეს არსებული სავალალო მდგომარეობიდან, მაგრამ კრედიტი მაინც კრედიტია და ადრე თუ გვიან იგი მაინც გადასხდელია. ისევ ჩაკეტილ წრეზე მოვიწევს ტრიალი! 
გამოდის, რომ გამოსავალი არ არსებობს?!
მოდიტ ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილნი: ყველა გამოუვალი მდგომარეობიდან არსებობს ღირსეული გამოსავალი!
თუ თანამედროვეობაში ამის შესახებ არაფერს ამბობენ, მივმართოთ ისევ ისტორიას! საუკუნეების წიაღში წასვლა არ მოგვიწევს. მე-19 საუკუნის ბოლოს ცნობილმა ქართველმა მკვლევარმა თედო სახოკიამ იმოგზაურა გურიასა და აჭარაში და თავისი დაკვირვება გადმოსცა წიგნში "მოგზაურობანი გურიასა და აჭარაში". წიგნში, გურიის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საუბრისას თედო სახოკია განსაკუთრბით ერთ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას: "... ძალზე გამწვავდა საქმე. შეგნებულმა ნაწილმა ადგილობრივი საზოგადოებისამ გადაწყვიტა მიშველებოდა მწარმოებელს, ეხსნა ჩარჩის ხელიდან, შუამავლად გაჰხდომოდა მწარმოებელსა და მომხმარებელს და მათი ცხოვრებაც გაეუმჯობესებინა და წარმოებაც გაეძლიერებია.
...1896 წელს, დაარსდა ეგრეთ-წოდებული "შუამავალი", ანუ გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა, რომელშიც ყველას შეუძლია ჩაეწეროს, თუ კი საწევრო ფულს, ერთ თუმანს წარმოადგენს...
პირველში "შუამავალს" 500 მანეთიღა შეუგროვდა საწევრო ფული. რა თქმა უნდა ამ თანხით შორი მანძილის გავლა არ შეიძლებოდა. რადგან ამ საქმის დაწყება ეჩქარებოდათ, ხოლო ფული არ ჰქონდათ, 8 000 მანეთი ისესხეს.მოქმედების რაიონად პირველად აირჩიეს დ. ლანჩხუთი. აქ იყრიდნენ თავს აბრესუმის პარკის მყიდველები...
პირველივე წელიწადსვე " შუამავალმა" აბრეშუმის პარკის ფასი ერთი ორად ასწია: 4-5 მანეთის მაგივრად ერთ ფუთ პარკში 10 მანეთს აზლევდა. უცხოელებიც იძულებული გახდნენ ამ ფასად ეყიდნათ პარკი. ამ მეტოქეობით სარგებლობდა გლეხი - მწარმოებელი. გლეხმაც მოიგო იმ წელს და "შუამავალსაც" 1300 მანეთი წმინდა მოგება დარჩა...
..."შუამავალმა" გარდა აბრეშუმისა, მიმდინარე წელს ბაზარი გაუჩინა გურიის სოფლების ხილსაც"...
ეს მცირე ამონარიდი თედო სახოკიას წიგნიდან ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გაერტიანებული ძალისხმევით ყველაფრის დაძლევა შეიძლება. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც ასევე გვაქვს კოლექტიური მეურნეობების კიდევ ერთი, ამჯერად სოციალისტური, გამოცდილება "კოლმეურნეობების" სახით, რომელსაც სრულად აკონტროლებდა სახელმწიფო და მათში გაწევრიანება იძულებით ხდებოდა!  
რა შედეგი შეიძლება მოიტანოს სოფლის მეურნეობაში ამხანაგობებმა? პირველი და უმთავრესი ყველა ყველას ეხმარება. ყველა სარგებლობს იმ წილის ადექვატური მონაგებით, რაც შეიტანა ამხანაგობაში. გლეხი უკვე არ არის დამოკიდებული მხოლოდ საკუთარ თავზე, მოქმედებს ე.წ. კოლექტიური ურთიერდახმარებისა და უსაფრთხოების რეჟიმი.  და ა.შ. გარდა ამისა, ამხანაგობების გაჩნდება საშუალება სოფლის მეურნეობების ინტენსიურად წარმოებისა, გაჩნდება მოთხოვნილება ჭარბი პროდუქციის დასაწყობებისა, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. გლეხს ამით კიდევ ერთი სადარდებელიც მოაკლება. 
სავსებით შესაძლებელია ყოველივე ზემოთთქმული ვინმემ პრიმიტიულ უტოპიად მონათლოს, მაგრამ თუ ამხანაგობების შემოღება შესაძლებელი გახადა ჯერ ჯიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს. ახლა რა უნდა შეგვიშალოს ხელი ამაში? თუ ბრძოლაა გადარჩენისათვის - ბრძოლა იყოს! მხოლოდ მოქმედება თუ გადაგვარჩენს.
კიდევ ერთი ფაქტორი რაც ანგრევს ქართულ სოფლის მეურნეობას და საერთოდ ეკონომიკას ეს არის ყბადარებული თანაფარდობა ექსპორტსა და იმპორტს შორის! ჯერ ერთი: პირველ რიგში საჭიროა არდგილობრივი პროდუქციით და არა იმპორტირებულით, ქართული ბაზრის გაჯერება. ხშირ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქცია გაცილებით უფრო ხარისხიანია და ამასტა ეკოლოგიურად უფრო სუფთაა ვიდრე ექსპორტირებული. თუ  ამაში შევძლებთ ჩვენი ე.წ. პარტნიორების დარწმუნებას, ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას გასავალი უცხოეთშიც ექნება და რადგანაც იგი ეკოლოგიურად სუფთაა, ამიტომ მისი ფასიც საკმაოდ მაღალი იქნება...

დღეისთვის სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა! 
მადლობელი ვარ ყურადღებისათვის! 

  

Комментариев нет:

Отправить комментарий