четверг, 20 марта 2014 г.

როდემდე უნდა ვიყოთ სხვისი შეყურე? ან რა უნდა გავაკეთოთ!

უკრაინაში, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ნათლად ცხადჰყოფს რუსეთის, როგორც ხალხთა ჟანდარმის, ამბიციებს. და თუ ამასაც დავუმატებთ მის სურვილს ევროპის რამდენიმე ქვეყნის დამორჩილებისა, მათ შორის ფინეთის, რუმინეთის, პოლონეთის, და ა.შ. რაზედაც უკვე დაუფარავად საუბრობენ რუსული პოლიტიკის მაღალ ეშელონებში, მივიღებთ კიდევ უფრო საშინელ სურათს: ქვეყნიერება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას.
მიზეზი ყოველივე ამისა მარტივია: რუსეთს სურს მსოფლიო ჰეგემონობა. ეს კი ნათელი მაგალითია ამ ქვეყანაში გავრცელებული ცრუმესიანისტური იდეოლოგიისა, რომელიც ქმედებებს ამართლებს მართლმადიდებლური პოსტულატებით. იდეოლოგია იდეოლოგიად, მაგრამ რუსეთის ქმედებები ფაქტიურად სცილდება მართლმადიდებლური ქრისტიანობის იდეურ არსს...
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე არც ერთი კონფლიქტი არ წარმოებულა რუსეთის უშუალო ჩარევის გარეშე, ეს როგორც თავად რუსეთის ისე ყოფილი რესპუბლიკების ტერიტორიაზე. მაგრამ დღემდე ეს აშკარად არ ჩანდა. უკრაინასა და მის ხალხთან მიმართებაში რუსეთმა მშვიდობისმყოფელის ნიღაბი მოიცილა და აგრესორის ნამდვილი სახე გამოაჩინა...
როგორ უნდა მოვიქცეთ მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ ქართველებმა? რაც არ უნდა მძიმე იყოს სათქმელი, მაინც ვიტყვი: საქართველომ დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა გაატაროს ყველას მიმართ! რადგან:
1) ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს არც მოკავშირეები ჰყავს და არც პარტნიორები! ოცი წლის განმავლობაში არც ევროპას და არც ამერიკას არ გამოუხატავს საქართველოს მიმართ ისეთი ინტერესი, როგორც საქართველო იჩენდა მათ მიმართ. რუსეთი კი ამ დროს მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკის გამოყენებით ცდილობს ქართველი ერის დამორჩილებას. ფაქტობრივად საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში მან მიაღწია წარმატებას. სააკაშვილის ანტირუსული და ევრიფილური გამოხტომები არაფერია თუ არა რუსული პოლიტიკის წარმატებულობისა საქართველოში. ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან თავად სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობა ამის ნათელი დადასტურებაა. ამ მმართველობის პერიოდში, საქართველოს მოსახლეობის სიმპათიების ვექტორი 1800-ით შეტრიალდა რუსეთის  სასარგებლოდ, მიუხედავად 2008 წლის აგვისტოს ომისა.  
2) ევროპა-ამერიკის ფაქტორი, როგორც პარნიორებისა ან მოკავშირეებისა, ფაქტიურად არაფრის მომცემია. რადგან: ა) საქართველოსათვის ნებისმიერ სასიცოცხლო საკითხებზე ისინი ფეხს ითრევენ. და თავის დამოკიდებულებას მხოლოდ „შეშფოთებით“ თუ გამოხატავენ. დღევანდელ ვითარებაში ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია, უკიდურესად დაძაბავს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ხოლო „ბებერი“ ევროპა თავს სირაქლემასავით ქვიშაში ჩარგავს და მხოლოდ შეშფოთებას თუ გამოხატავს. არც ჩრდილოატლანტუკურ ალიანსსი გაწევრიანები პერსპექტივა გვაქვს, რომ ღმერთმა დაიფაროს, საომარი მოქმედებების შემთხვევაში, ვინმემ ჩვენს დასაცავად აღმართოს იარაღი.  
3) იმის შიშით, რომ რამე არ თქვას ან ევროპამ, ან ამერიკამ და ან რუსეთმა, ჩვენი ახლანდელი ხელისუფლება არ დგამს გადამჭრელ ნაბიჯებს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გამოსასწორებლად. ხშირ შემთხვევაში იგი დანაშაულებრივად პასიურია და კვლავაც აგრძელებს „კოჰაბიტაციურ“ რეჟიმში მუშაობას. ამით კი სარგებლობენ ანტიქართული ძალები. რამდენიმე თვეა რაც აქტიური პროპაგანდა დაიწყო ვინმე იური ღვინჯილიამ. მეზობელი სომხეთის პოლიტიკური წრეები გვაშანტაჟებენ: აქაოდა თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდა, მაშინ ჯავახეთი სომხეთს შეუერთდებაო... კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო?
ოცწლიანმა დანაშაულებრივმა პასიურობამ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში (ვგულისხმობ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სსრკ-ს დაშლამდე პერიოდს) მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენ დავკარგეთ ეს ორი რეგიონი. ვინ დაგვეხმარა? ფაქტიურად არავინ!
ვეთანხმები ყველას ვინც ამბობს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება ძალიან ძნელია, მითუმეტეს, რომ არ გვყავს მოკავშირეები. ვინც კი მოკავშირედ მივიჩნიეთ, საბოლოო ჯამში ყველამ გვიგანა. მართალი ხართ ბატონებო! მაგრამ ჩემი აზრით, მოკავშირეებს არ ვეძებდით იქ სადაც საჭიროა. თუნდაც ყოფილ იუგოსლავიაში! რა სიშორემ შეგვაშინა თუ შეგვაწუხა?  
ვეთანხმები იმათაც ვინც ამბობს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკის გასატარებლად ეკონომიკა ძლიერი უნდა გვქონდეს. მერე ვინ გვიშლის ეკონომიკის განვითარებას თუ არა საკუთარი უნიათობა სხვისი ხელის შემყურეობა, მომხვეჭელობა და ზედმეტობაში გარდამავალი ფულისმოყვარეობა.  რატომ არ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა ისე, როგორც საკუთარი თავი? დამისახელეთ თუნდაც 100 ქართველი ინვესტორი, რომელიც დებს ან ჩადებს ფულს, თანაც დიდს, ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში!
ინსტიტუციურად ყველაფერი დავანგრიეთ! ხელმოცარული ლუდომანივით ხელგაწვდილი როდემდე უნდა ვთხოვოთ უცხოელებს ფული საკუთარი მიწებისა და ღირსების სანაცვლოდ?


მოგვიანებით იქნება გაგრძელება 

Комментариев нет:

Отправить комментарий